ირიათონი
IRIATONI

  

წიგნების სადისტრიბუციო კომპანია

თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №17ბ

+995 32 2 500 201

office.iriatoni@gmail.com

წიგნების სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი

www.bigsale.ge/iriatoni
Back to Category
 
დამატებულია: 14.01.16

წიგნების სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“ დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ავრცელებს ქვეყნის წამყვანი გამომცემლობების („აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“, „დიოგენე“, „ინტელექტი“, „სიესტა“, „ლოგოს პრესა“, „წიგნები ბათუმში“) წიგნებს მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის „ირიათონი“ წიგნებით ამარაგებს თბილისსა და რეგიონებში არსებულ ყველა მოქმედ წიგნის მაღაზიას. 

კომპანია აქტიურადაა ჩაბმული წიგნის სფეროში არსებულ ყველა მნიშვნელოვან პროექტსა და ღონისძიებაში. ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით კომპანია „ირიათონი“ ატარებს აქციებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს წიგნების გამოფენა–გაყიდვას 20–40%-იანი ფასდაკლებით. მსგავსი აქციები კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინონ მხატვრული ლიტერატურა. 

„ირიათონი“ მკითხველს სთავაზობს საცალო გაყიდვებსაც ყველაზე დაბალ (სადისტრიბუციო) ფასად. საცალო გაყიდვებს ემსახურება კომპანიის ოფისი (მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17 ბ).

ნიკოლოზ ბარათაშვილი - პირადი წერილები
მოამზადა, შესავალი, კომენტარები, საძიებლები და გენეალოგიური ტაბულები დაურტო მაია ცერცვაძემ.
„დიდი პოეტები თვითონ ხომ უკვდავების ბინადარნი არიან, და ისინიც უკვდავებაში შეჰყავთ, ვინც თავიანთ ნაწერებში, მეტადრე ახლობლებისადმი გაგზავნილ წერილებში, თუნდაც უბრალოდ უხსენებიათ. ოღონდ ზოგიერთი მათგანის ვინაობა დასადგენია, რაც სხვა ლიტერატურული თუ ისტორიული წყაროების მოშველიებით უნდა მოხდეს. ეს კი ერთობ მიმზიდველი საქმიანობაა ძიების ჟინით შეპყრობილი ადამიანისთვის.
ამ წიგნის ავტორიც ასეთი გახლავთ – იკვლევს, იძიებს, აზუსტებს ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილების დაწერის თარიღებს, მათში ნახსენებ პიროვნებათა ვინაობას, რითაც ჩვენ თვალწინ აცოცხლებს თითქმის ორი საუკუნის წინანდელ ამბებს. ამ ხნის განმავლობაში წუთისოფელს ერთობ ნაადრევად განშორებული დიდი პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას მკვლევართა ინტერესი არ მოჰკლებია, მაგრამ ამოსაცნობსა და გასაშიფრს მათში რა გამოლევს! ჰოდა, გავყვეთ მაია ცერცვაძეს მისი კვლევა-ძიების გზაზე წარსულში სამოგზაუროდ!“
(ლევან ბრეგაძის წინასიტყვაობიდან)

მილორად პავიჩი - ბელგრადის ბიოგრაფია
თარგმნა გურამ გოგიაშვილმა.

რა არის ის, რაც ბელგრადს, ამ უძველეს ქალაქს, სხვა ქალაქთაგან გამოარჩევს, ან უფრო სწორედ – რის გამოა ის ასე საინტერესო მილორად პავიჩისათვის, გარდა იმისა, რომ მშობლიური ქალაქია და მისი ცხოვრების ყველა ეპიზოდიც ამ ქალაქს უკავშირდება?
ამ წიგნში არის ისტორიაც, გროტესკიც, უფრო კი ფარული სევდა და სინანული, რომლითაც გამსჭვალულია თხრობის მანერაც და ცალკეული პასაჟებიც; ამ წიგნში ყველას თავისი ბელგრადის წარმოდგენა შეუძლია, „ყველაზე ლამაზ ადგილას გაშენებული ყველაზე მახინჯი ქალაქისა“, რომელსაც წარსული უფრო აქვს, ვიდრე აწმყო, თუმცა მისი შეცნობა და დანახვა ადამიანურ ძალთა შინაგანი, უხილავი პლასტებითაა შესაძლებელი.

ნინო ხარატიშვილი - ჩემი საყვარელი ორეული
გერმანულიდან თარგმნა ნინო ბურდულმა.

ნინო ხარატიშვილის „ჩემი საყვარელი ორეული“ 2011 წელს დამოუკიდებელი გერმანული გამომცემლობების პრიზით დაჯილდოვდა. ესაა რთული ოჯახური ურთიერთობებისა და მტკივნეული სიყვარულის ამაღელვებელი ამბავი.
სტელა ოცდაათი წლის ქალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეწევა და მეუღლესთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს. მისი მყუდრო ცხოვრება ნახევარძმის – ივოს მოულოდნელი გამოჩენით ირღვევა, რომელიც ოჯახში დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ ბრუნდება. სტელასა და ივოს ამ შეხვედრის სცენები რომანში სულიერი ტრავმებით სავსე მათი ბავშვობის მოგონებებთან თავბრუდამხვევადაა გადახლართული.
რომანის მეორე ნაწილში სტელა ქმარ-შვილს ტოვებს და ივოს საქართველოში მიჰყვება, სადაც ივო ვითომდა გარკვეულ დოკუმენტებს იკვლევს, სინამდვილეში კი ერთი ოჯახის წარსულის გამოძიებას ცდილობს. ივოსთვის ნაცნობია ძალადობის, ღალატისა და გაშვილების მწარე გამოცდილება და იმედი აქვს, რომ სტელასთან ერთად სხვისი ოჯახური საიდუმლოს გამოძიებით საკუთარი ოჯახის მტკივნეული ისტორიის დაძლევასა და დავიწყებას შეძლებს.
„ჩემი საყვარელი ორეული“ ამაღელვებელი და მომნუსხველი დრამაა, რომელშიც აკრძალული ვნებისა და წარსულისაგან განთავისუფლების მცდელობის მსოფლიო თემებია ასახული.

დიანა ანფიმიადი - ჩრდილის ამოჭრა
„ჩრდილის ამოჭრა" დიანა ანფიმიადის ახალი კრებულია, და ეს „ახალი", უპირველეს ყოვლისა, კონცეპტუალურ, მხატვრულ სიახლეს ნიშნავს. ვერსიფიკაციული მოულოდნელობებით სავსე ეს პოეტური სამყარო კიდევ უფრო ღრმად, იმ სინამდვილის გავლით ითრევს მკითხველს, რომელზეც ავტორი მანამდე წერდა; ითრევს ცხოვრების შუაგულში, სადაც თითქოს ნაცნობი ნიუანსები სრულიად ახალი სიმბოლოებით ჩნდებიან, სადაც „ჩრდილის ამოჭრა" ლირიკული გმირის (პოეტისაც და მკითხველისაც) დიდ მოგზაურობას – სხვა მეტატექსტში ეგზისტენციალურ გარდაცვალებას, ერთი ყოფნიდან სხვა ყოფნაში გადასახლებას ნიშნავს.
კრებულში ბევრი სიმღერაა (ასე ჰქვია ლექსებს) – ეს კი მთელ წიგნს ეპიკურ ტონალობას სძენს, ერთ გაბმულ ამბად ეცხადება მკითხველს. შესაბამისად, ეს წიგნი ისევე იკითხება, როგორც ერთი მთლიანი ამბავი სამყაროს პოეტური, სახიფათო თამაშობებით.

მიხეილ ჯავახიშვილი - უბის წიგნაკებიდან
მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ავტოგრაფით.
მიხეილ ჯავახიშვილი სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად ქმნიდა თავის ჩანაწერებს. თავადვე აღნიშნავდა: „დღეში ათიოდე აზრს, ნახულს და გაგონილს ვიწერ უბის წიგნაკში. ეს ამბავი ჩვენს მწერლებს სასაცილოდ არა ჰყოფნისთ. ასე იცინიან ზულუსები და ბუშმენებიც, როცა ევროპიელი კბილებს იხეხავს“.
ჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება აღსავსე იყო აღმასვლებით, უპირატესად კი კრიტიკით, ლანძღვითა და მუქარით. ფურცელ-ფურცელ იძერწებოდა მისი სულიერი ბიოგრაფია და მხატვრული ძიებანი. მკითხველის წინაშეა დიდი მწერლის ვნებანი უამრავი ყოფითი, ეროვნული, სოციალური თუ ლიტერატურული საიდუმლოს ამოსახსნელად.

ფრიდონ ხალვაში - თხზულებანი
ფრიდონ ხალვაშმა ხანგრძლივი ცხოვრებისა და შემოქმედების განმავლობაში შექმნა თავისი სახე, თავისი სტილი და, შეიძლება ითქვას, თავისი მითი, რომელიც თანამედროვე ქართული კულტურის ისტორიაში დარჩა, როგორც სახასიათო ფორმა და შინაარსი, როგორც ადვილსაცნობი ისტორია, როგორც ტრადიცია, როგორც წინაპართა კვალის გაგრძელება, როგორც შემოქმედი, რომელმაც შექმნა თავისი დრო და რომელიც ამ დროში სრულად ცხოვრობდა, წერდა, უყვარდა.
წიგნი გამოიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ქეთი ნიჟარაძე - მზე სახურაბზე
„მზე სახურავზე“ ქეთი ნიჟარაძის ლექსების მეხუთე კრებულია. წიგნში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაწერილი ტექსტებია შესული. მათი უმრავლესობა ლიტერტურულ პრესაში იბეჭდებოდა, თუმცა წიგნად პირველად გამოდის. ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია და ისეთ საკითხებს მოიცავს, რაც ყველა ეპოქაში აქტუალურია.

მარსელ პრუსტი - სოდომი და გომორი
„სოდომი და გომორი“ დიდი ფრანგი მწერლის, მოდერნისტული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის – მარსელ პრუსტის სიცოცხლეში გამოქვეყნებული უკანასკნელი ნაწარმოებია. ეს მეოთხე რომანია ციკლიდან „გამქრალი დროის ძიებაში“, რომელიც 1922 წელს გამოიცა.
რომანის მთავარი ამბავი ბუნებრივად ამოიზარდა წინა რომანიდან „გერმანტებთან“. ესაა მაღალი საზოგადოების ზნეობრივი დაცემის თემა, რომლის ცენტრშიც ბარონი დე შარლიუ დგას.
მარსელ პრუსტი ის მოგზაურია, რომელმაც არა მხოლოდ უცნობ სამყაროში შეაღო კარი, არამედ საკუთარი მყუდრო ოთახიდან გამოუსვლელად დაწვრილებით შეისწავლა ადამიანი თავისი მრავალფეროვანი ბუნებით, ვნებებითა და მისწრაფებებით.
წიგნი ფრანგულიდან თარგმნეს გიორგი და ნატო კახაბერებმა და დალი იაშვილმა.

ჯონ სტაინბეკი - რუსული დღიური
ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუბელიანმა.

ჯონ სტაინბეკმა, 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ამერიკელმა მწერალმა, ცივი ომის პერიოდში იმოგზაურა საბჭოთა კავშირში ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად.
სტაინბეკმა და კაპამ 1947 წელს ორი თვე დაჰყვეს საბჭოთა კავშირში და მოინახულეს მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, უკრაინის რამდენიმე სოფელი და საქართველოს ქალაქები.„რუსული დღიური“ ამ მოგზაურობას აღწერს. მწერალი გულახდილად მოგვითხრობს თავის შთაბეჭდილებებსა და იმ მიზანზე, რომელიც მოგზაურობას საფუძვლად დაედო. იმხანად, იმის მიუხედავად, რომ ამერიკული ჟურნალ-გაზეთები ბევრს წერდნენ საბჭოთა კავშირზე, თურმე ამერიკელ მკითხველს არავინ უყვებოდა საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ყოველდღიურ ამბებს და არც მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოები იბეჭდებოდა სადმე.
სტაინბეკსა და კაპას სურდათ ამერიკელებისთვის ეჩვენებინათ, როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში უბრალო ადამიანები – რას ჭამდნენ, როგორ ეცვათ, როგორ ერთობოდნენ, როგორ კვდებოდნენ, რაზე ლაპარაკობდნენ...

შორენა ლებანიძე - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე
შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე ნაწარმოების მთავარი გმირის ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს.
სინამდვილის მხატვრული გააზრება, პერსონაჟების ფსიქოლოგიის წვდომა და მძაფრი, სულისშემძვრელი ისტორიების სიუჟეტური განვითარება ავტორს საშუალებას აძლევს, მკითხველი 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური რეალობის უშუალო თვითმხილველად აქციოს. თუმცა გასული საუკუნის მიწურულის სამხედრო-პოლიტიკური პროცესები მხოლოდ ფონად გასდევს წიგნში მოთხრობილ ამბავს.
ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სვანური სოფლის, კომანის, ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. მკითხველი ეცნობა ადამიანებს, რომლებიც თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და რომლებიც ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ.
დოკუმენტური რომანის რამდენიმე პერსონაჟის ვინაობა, გარკვეული მიზეზების გამო, შეცვლილია.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

მარიკა მამალაძე - უცვეთი ანრი
ამ მოთხრობებში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბები ვითარდება, ჩვეულებრივი ადამიანებითა და ისტორიებით. ყოფითი და ნაცნობი გარემო, მსუბუქი იუმორი და თხრობის მარტივი, ძალდაუტანებელი მანერა მკითხველს ადვილად იზიდავს და „იშინაურებს“, თუმცა სწორედ ამ ეტაპიდან – მკითხველისა და მთხრობელის „გაშინაურებიდან“ იწყება ყველაზე მთავარი: ამ მოთხრობებს აქვს რაღაც დაძაბული, საბედისწეროს მოლოდინით დამუხტული შინაარსი, ჩვეულებრივი ამბები კი ძალიან ფრთხილად და შეუმჩნევლად, ფატალურ ისტორიებად გადაიქცევიან...

გაბრიელ გარსია მარკესი - ფოთოლცვენა
ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ

მაკონდოში მკაცრი განაჩენი გამოიტანეს – მიცვალებულს არ მარხავენ და ცხედარს მიწის ზემოთ გახრწნისთვის სწირავენ. სოფლის, ხალხის ნების წინააღმდეგ ერთადერთი ოჯახი მიდის. რომანი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ბავშვის თვალითაც გვაჩვენებს მთელი ამ სურათის შემზარაობას, სამყაროს სისასტიკესა და სირთულეს.
მკითხველს არ გაუჭირდება ბავშვში მწერალი ამოიცნოს, ამ ლამის მისტიკურ ამბებში კი – ზოგადად, ცხოვრების დრამა და ტრაგიკული იუმორი, რაც ცხოვრებას ასე საინტერესოს, ვნების აღმძვრელს და მარად წასაკითხს ხდის.

 

 

 

 

„ირიათონი“, „წიგნები“ „დისტრიბუცია“ წიგნების გავრცელება“ „წიგნები საცალოდ“ „გამომცემლობა“„აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“, „დიოგენე“, „ინტელექტი“, „სიესტა“ „წიგნები ბათუმში“ „ლოგოს პრესი“ „წიგნები იაფად“

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.