თოჯინების მუზეუმი
Doll Museum

  

მუზეუმი

თბილისი, შავთელის ქ. №17ა

+995 32 996511

+995 93 220444

www.bigsale.ge/dollmuseum
Back to Category
 
დამატებულია: 05.02.11

ოცნებების სამყარო
თბილისის ისტორიულ “დაბლა კართან”, სადაც საუკუნეების მანძილზე საქარავნო გზა გადიოდა, თბილისის თოჯინების მუზეუმის ნაირფერავნიანი ორიგინალური შენობა მდებარეობს. სწორედ აქედან იწყება საექსკურსიო მარშრუტი ძველ თბილისში და ყველას, ვისაც საქართველოს დედაქალაქის ისტორია აინტერესებს, უპრიანია ეს პროცესი ამ მუზეუმის დათვალიერებით დაიწყოს. მასში თავმოყრილია ქართული ხალხური და მხატვრული დედოფალა, მოძრავ-მუსიკალური სათამაშოები, ლიტერატურული პერსონაჟების მიხედვით შექმნილი თოჯინები.

თოჯინების მუზეუმი 1937 წელს საბავშვო მწერლისა და პედაგოგის თინათინ თუმანიშვილის თაოსნობითა და საქართველოს მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით დაარსდა. მას საფუძვლად დაედო მისი დამფუძნებლის თინათინ თუმანიშვილის თოჯინებისა და სათამაშოების მდიდარი კოლექცია, საგვარეულო ნივთები და ბიბლიოთეკა, რომელიც მან უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

თინათინ თუმანიშვილმა აღმოაჩინა და ერთი იდეით შეიპყრო იმ პერიოდის ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრები, ინჟინერ-მექანიკოსები და იმ დროს, როდესაც საქართველოში არ არსებობდა ქართული თოჯინა, საფუძველი დაუდო ეროვნული ხასიათის დედოფალასა და ქართულ მექანიკურ თოჯინას, რაც დღემდე ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი თემაა.

წლების განმავლობაში მუზეუმის ფონდებში თავი მოიყარა 2000-ზე მეტმა უნიკალურმა მაღალმხატვრულმა ექსპონატმა: ანტიკვარულმა თოჯინამ და სათამაშომ როგორც ევროპიდან ასევე აზიიდან და ამერიკიდან, ქართულმა ხალხურმა და მხატვრულმა დედოფალამ, მოძრავ-მუსიკალურმა სათამაშოებმა, ლიტერატურული პერსონაჟების მიხედვით შექმნილმა თოჯინებმა.

მუზეუმში წარმოებული მეცნიერული კვლევების შედეგად დაგროვდა უნიკალური ეთნოგრაფიული მასალა _ ბავშვთა ესთეტიკური კუთხით აღზრდის, სათამაშოს განვითარების ისტორიულ გზებსა და ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხებთან დაკავშირებული მეცნიერული ნაშრომები.

ფონდში განსაკუთრებული ადგილი უკავია საზღვარგარეთის 40 ქვეყნიდან ჩამოტანილ და შეძენილ მხატვრულ ორიგინალურ ექსპონატებს, სახსოვარ-შემოწირულობებს.

მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს:
მუდმივმოქმედი ექსპოზიცია _ წარმოდგენილია ევროპული ანტიკვარული და XX საუკუნის დასაწყისში ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი სტატიკური თუ მექანიკური თოჯინები, გამოჩენილი ქართველი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
დროებითი ექსპოზიცია _ თანამედროვე ქართველი მეთოჯინეების, მხატვრების გამოფენები, სხვა ღონისძიებები.
საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებული სხვადაასხვა ასაკობრივ სეგმენტზე _ საუბრები თოჯინურ ხელოვნებაზე, საუბრები ეთიკაზე, თოჯინების მასტერკლასი, შემეცნებით გასართობი ტური “გასეირნება ძველ ქალაქში”.
მცირე თოჯინური თეატრი _ მეთოჯინეთა მოწვეული დასი წარმოადგენს ულამაზეს სპექტაკლებს.
ბავშვთა ხელოვნების სტუდია _ სტუდიის სახელოსნოებში ბავშვები ეუფლებიან სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.
სამხატვრო სალონი და მასთან არსებული მინანქრის სახელოსნო _ აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს სამახსოვრო საჩუქარი _ საავტორო ხელთნაკეთი თოჯინები, ნატიფი სამკაულები და გამოყენებითი ხელოვნების სხვა ნიმუშები.
მუზეუმი დამთვალიერებელთათვის ღიაა ყოველ დღე ორშაბათის გარდა

11:00 – 17:00 (ნოემბრიდან მაისამდე)
11:00 – 18:00 (მაისიდან ნოემბრამდე)

***

ისწავლე ქართული ხალხური თოჯინების გაკეთება

თბილისის თოჯინების მუზეუმში გაიხსნა ეთნოგრაფიულ-საგანმანათლებლო გამოფენა “ელიაო, ელიაო, რასა მოგწყენიაო?!” მის ექსპოზიციას წარმოადგენს მუზეუმის ფონდებში დაცულ ეთნოგრაფიულ მასალას, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ცნობილი ქართველი ხელოვანებისა და ეთნოგრაფების მიერ გროვდებოდა. აღნიშნული ფასდაუდებელი ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზეა დამზადებული ჩვენი მუზეუმის არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი - ქართული ეროვნული დედოფლები, რომლებიც გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული მოწონებით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოს მცხოვრებთა, არამედ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს შორის.
გამოფენის მსვლელობის დროს, თბილისის თოჯინების მუზეუმის მეგობარი პროფესიონალი მეთოჯინეების მიერ იგეგმება გამოფენის დამთვალიერებლებისათვის მასტერ-კლასის გამართვა, რომლის დროსაც დამზადებული საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოიფინება მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში.

გასეირნება ძველ ქალაქში
თბილისის თოჯინების მუზეუმის შენობის სიახლოვეს შემორჩენილია შუასაუკუნეების თბილისის “დაბლა კარის” შემორჩენილი ნანგრევები. აქედან იწყებოდა ოდესღაც თბილისი. დღეს ჩვენი მუზეუმი ისტორიული თბილისის დათვალიერების მსურველებს უნიკალურ ტურისტულ სერვისს სთავაზობს. “გასეირნება ძველ ქალაქში”, - ასეთია სახელწოდება ტურისა, რომელიც თბილისის თოჯინების მუზეუმის დათვალიერებით იწყება და ისტორიული თბილისის ყველაზე აქტიურ ადგილას – ჭრელ აბანოებთან სრულდება. სურვილის შემთხვევაში, ტური ასევე მოიცავს თბილისის მუსიკალური საკრავების მუზეუმის მონახულებასაც.

აღნიშნული ტურისტულ-საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტზე. ამ მიზნით, მუზეუმი თანამშრომლობს პროფესიონალ ხელოვნებათმცოდნე გიდებთან, რომლებიც მთელი ექსკურსიის მანძილზე მის მონაწილეებს აცნობენ თბილისის ხელოვნების ისტორიას, თქმულებებს ჩვენი დედაქალაქისა და მისი ცნობილი მობინადრებისა თუ სტუმრების თაობაზე.

უნიკალური სუვენირები თოჯინების მუზეუმში
თბილისის თოჯინების მუზეუმი გიწვევთ სუვენირების სალონში, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი მეთოჯინეების სუვენირული და მხატვრული თოჯინები, ტიხრული მინანქრის ულამაზესი ნაკეთობები, ცნობილი ოსტატების მიერ ნატურალურ აბრეშუმზე შესრულებული უნატიფესი მხატვრული ტექსტილი, გამოყენებითი, ფოტო და დეკორატიული ხელოვნების სხვა ნიმუშები.
სუვენირების სალონში თქვენ ნახავთ მაღალი გემოვნების სამკაულს თუ უბრალოდ სახსოვარს თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის თოჯინების მუზეუმიდან.
სალონში ასევე შესაძლებელია ნებისმიერი საიუველირო ნივთის დამზადება თქვენი სურვილის მიხედვით.
მხოლოდ თბილისის თოჯინების მუზეუმის სუვენირების სალონში არის შესაძლებელი, მიიღოთ გაკვეთილები ტიხრული მინანქრის ხელოვნებაში. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.